Wednesday, December 19, 2012

მევენახეობა საქართველოს კუთხეებში

  კახეთი (შიდა და გარე კახეთი)

კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. ცნობილი ღვინოება: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჟაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.
კახეთის მევენახეობის ძირითადი მიმართულებაა მაღალხარისხოვანი და ხარისხოვანი სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოების წარმოება.
ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხოვანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფერეულის, გურჟაანის, მანავის და სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვა ჟიშების ყურძნისაგან.
სუფრის წითელი მშრალი, მაღალხარისხოვანი, სასიამოვნო ჟიშური არომატის მქონე ღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჟიშის საფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზნის, ხაშმის და კახეთის სხვა მიკროზონებში.
კახეთში მზადდება წარმოშობის აგდილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები, მხოლოდ ახაშენის, ქინძმარაულის და მუკუზნის მიკროზონებში. აქაური მიკროკლიმატი, ნიადაგები და ქართული ვაზის ჯიშისსაფერავის მაღალი შაქრის და მჟავების დაგროვების უნარი განაპირობებს ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელ ჰარმონიულ, რბილ, ხავერდოვან, ხალისიან ტონებს და მაღალ საგემოვნო სპეციფიკურ თვისებებს.
კახეთმა საუკუნეთა მანძილზე შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის მშობლიური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ღვინოების არსებული ტიპებისაგან. იგი ერთადერთი მშრალი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. ამ წესით მიღებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი; და რაც მთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით
 

ქართლი (ქვემო, შუა და ზემო ქართლი)
ქართლი _ უძველესი ქართული კულტურის აკვანი. იგი ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის ხარისხოვანი სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ქართლი იყოფა სამ ზონად: ქვემო, შუა და ზემო ქართლი ანუ მესხეთი.
ქვემო ქართლი წარმოადგენს საუკეთესო ზონას სასუფრე ყურძნის და ქიშმიშების წარმოებისათვის.
შუა ქართლი ქართლის სხვა ქვეზონებს შორის მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით საინტერესოა. იგი განეკუთვნება ხარისხოვანი კლასიკური ევროპული ტიპის სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოების წარმოების ზონას. აქ, ატენის ხეობაში უძველესი დროიდან ამზადებდნენ ტრადიციულ ტექნოლოგიით წარმოშობის ადგილის დასახელების ცქრიალა ღვინოს `ატენური~- სახელწოდებით, ადგილობრივი ვაზის გორული მწვანის და ჩინურის ყურძნისაგან. აღნიშნულ ქვეზონაში აწარმოებენ მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ვარდისფერ ღვინოებს როგორც გორული მწვანის და ჩინურის, ასევე ბუდეშურის, თავკვერის და სხვა ადგილობრივი ჟიშების ყურძნისაგან.
ამ ქვეზონიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქსნის ხეობა (მუხრანის ველი), სადაც ფრანგული ვაზის ჟიში ალიგოტე დიდი მასივების სახით არის წარმოდგენილი და იძლევა ევროპული ტიპის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის საჭირო მაღალხარისხოვან ღვინომასალას.
ზემო ქართლის _ მესხეთის ტერიტორიაზე ამჟამად მევენახეობა-მეღვინეობას არ აქვს სამრეწველო ხასიათი. წარსულში, როგორც ამას მოწმობენ მატერიალური კულტურის ძეგლები (მარნები, ქვევრები, საწნახელები, სასმისები და სხვა), რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს იქნა აღმოჩენილი, ადასტურებენ, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მესხეთში ფართოდ ყოფილა განვითარებული, ეს მხარე დიდი ხნის განმავლობაში (2.5 საუკუნე) თურქეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებიდა და აქ იძულებით იყო გავრცელებული მაჰმადიანობა, რომელიც ღვინის მოხმარებას კრძალავდა, რამაც გამოიწვია ვენახების განადგურება, რომლის გაშენებაზეც რუსეთის ცარიზმის პერიოდში არავის უზრუნვია.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ამ მხარეში სისტემატურად აწარმოებს სპეციალურ გამოკვლევებს, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პერსპექტიულია ევროპული ტიპისა და ცქრიალა ღვინოების წარმოება: გორული მწვანეს, ჩინურის, ხიხვისა და სხვა ქართული ვაზის ჟიშების ყურძნიდან. საუკეთესო შედეგები გამოავლინა აგრეთვე ისეთმა ფრანგულმა ვაზის ჟიშებმა, როგორებიცაა პინო და ალიგოტე.
  
დასავლეთ საქართველო

  იმერეთი(ქვემო, შუა და ზემო იმერეთი)

იმერეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და უმთავრესი რეგიონია, პროდუქციის როგორც რაოდენობის ისე ხარისხის მხრივ. იგი იყოფა სამ ზონად: ზემო, შუა და ქვემო იმერეთი.
იმერეთის მევენეახეობა-მეღვინეობა ხასიათდება ვაზის აბორიგენული ჟიშებისა და მათგან წარმოებული მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების მრავალფეროვნებით.
ზემო იმერეთში უმთავრესად მზადდება ნაზი, ხალისიანი ცქრიალა ტიპის ღვინომასალები, აგრეთვე მსუბუქი ევროპული ტიპის თეთრი და წითელი სუფრის ღვინოები, ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჟიშების ყურძნისაგან.
შუა იმერეთი მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად ზონად ითვლება დასაველეთ საქართველოში.. ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, ალადასტურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჟიშების ყურძნისაგან მზადდება წარმოშობის ადგილის და ჟიშობრივი დასახელების, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალური, სუფრის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები.
ქვემო იმერეთი მოქცეულია იმერეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის აუზში. აქ ვენახები გაშენებულია 40-420 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მეღვინეობის თვალსაზრისით ეს ზონა ორდინალური ღვინოების ზონაა, სადაც ცალკეული უბნებში მზადდება ხარისხოვანი ღვინოები ადგილობრივი ვაზის ჟიშებისაგან.

რაჭა-ლეჩხუმი

რაჭა-ლეჩხუმი თავისი უნიკალური და ორიგინალური ღვინოებით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ზონებისა და მიკროზონებისაგან.
იგი ისტორიულად წარმოადგენს ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოების აკვანს. მისი ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოფარგლულია კლდოვანი ქედებით, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რომელიც განსაზღვრავს აქაური ღვინოებისათვის დამახასიათებელ ორიგინალურ თვისებებს. ჰავა ზომიერად ტენიანია. ნიადაგებიდან აქ გვხვდება ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, რომლებიც უმეტესად განვითარებულია კირქვებზე, მერგელებსა და კარბონატულ ქვიშაქვებზე.
ლეჩხუმში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში ადგილობრივი ვაზის ჟიშის უსახელოურის ყურძნისაგან მზადდება უნიკალური, სასიამოვნო საგემოვნო თვისებების მქონე, ჟიშური დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `უსახელოური~, ხოლო ორბელის მიკროზონაში ორბელური ოჟალეშის ჟიშისაგან მიიღება წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `ორბელური ოჟალეში~.

შავი ზღვის სანაპირო ზოლი- ტენიანი სუბტროპიკული ზონა

გურია, აჭარა, სამეგრელო და აფხაზეთი

აჭარის, აფხაზეთის, გურიის, სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის ახლო სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები (აფხაზეთი) გაშენებულია 2-4 მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე (ზემო აჭარა).
ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილებში ჭარბტენიანიც და ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე).
ზღვისპირეთში გავრცელებულია ნეშომპალა კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, წითელმიწა და ეწერი ნიადაგები.
გურიაში (ბახვი-ასკანის, ფარცხმან-საჭამიასის), აჭარაში (ქედა), აფხაზეთში (გუდაუთა) მიკროზონებში, გურიის აბორიგენული ვაზის ჟიშის ჩხავერისაგან მიიღება განუმეორებელი, საგემოვნო თვისებების ჟიშური დასახელების ცქრიალა ღვინო `ჩხავერი.
სამეგრელოში, სალხინო-თარგამოულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჟიში ოჟალეშისაგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი და მშრალი, ჟიშური დასახელების უნიკალური ღვინო `ოჟალეში~.
ცნობილია, რომ სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო `ოჟალეში  გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჟილდოთი `გრან-პრი-თი დაუჟილდოებიათ.
აფხაზეთში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს კუთხეში ვაზის: ცოლიკოურის, ჩხავერის, ოჟალეშის, კაჭიჭის, იზაბელას და სხვა ჟიშებიდან მზადდებოდა წარმოშობის ადგილის დასახელების ორიგინალური ღვინოები: `აფსნი, `ლიხნი, `აჩანდარა, `ანაკოპია და სხვა ღვინოები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მომხმარებელთა შორის. წყარო






No comments:

Post a Comment