Wednesday, December 19, 2012

ქართული ვაზის გამორჩეული ჯიშები


რქაწითელი

რქაწითელი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია დამწიფების გვიანდელი ვადით. ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. კახეთის გარდა იგი ფართოდაა გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ფოთლები საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთფრთიანი. რქაწითელის ყურძენი გამოირჩევა თავისი ლამაზი გარეგნული შეხედულებითმოზრდილი საშუალო სიმკვრივის მტევნებით, საშუალო ოვალური მოვარდისფროყვითელი მარცვლებით და სასიამოვნო გემოთი.
ზამთრის ყინვებს რქაწითელი კარგად იტანს. გვალვის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოა.
კახეთში რქაწითელი კვირტის გაშლას იწყებს აპრილის მეორე დეკადაში. ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე. რქაწითელის ჯიშიდან საქართველოში დგება უმაღლესი ხარისხის კლასიკური (ევროპული) და კახური ტიპის (ქვევრის) ღვინოები

საფერავი

საფერავი ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია დამწიფების გვიანდელი ვადით. ძირითადად გვხვდება კახეთში. კახეთის გარდა ფართოდაა გავრცელებული საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
საფერავის ფოთლები დიდი და მომრგვალოა, ხშირად სამფრთიანი, იშვიათად ხუთფრთიანი. მტევანი კონუსურია, საშუალო ან დიდი ზომის. მარცვალი საშუალო ან დიდია, ოვალური, მუქი ლურჯი ფერის. რბილობი წვნიანია და ყურძნის სხვა წითელი ჯიშებისგან განსხვავებით, მოწითალოა. წვენი ვარდისფერია. გემო ჰარმონიული, სასიამოვნო ტკბილი.
საფერავი მაღალი ყინვაგამძლეობით ხასიათდება. აღსანიშნავია აგრეთვე კარგი გვალვაგამძლეობა და მარცვლების გამძლეობა ლპობის წინააღმდეგ .
საფერავი კახეთის პირობებში კვირტის გაშლას იწყებს აპრილის პირველი დეკადის ბოლოს. სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევარში.
საფერავიდან მზადდება უმაღლესი ხარისხის წითელი მშრალი ღვინოები (როგორც სუფრის, ასევე ადგილწარმოშობის) დაძველების დიდი პოტენციალით. საფერავი ასევე გამოიყენება ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. საუკეთესო მიკროზონებია: მუკუზანი, ახაშენი, ხაშმი, ქინძმარაული, ნაფარეული, ყვარელი, კონდოლი.

ალექსანდროული

ალექსანდროული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად რაჭა-ლეჩხუმში.
მქრქალი მწვანე ფერის ფოთოლი საშუალო ზომისაა, ფორმით მომრგვალო ან ოვალური, ხშირად სამ ან ხუთნაკვთიანი.
მტევანი საშუალო ზომისაა, ძირითადად კონუსისებრი, იშვიათად ოვალური ფორმის. გვხვდება აგრეთვე ცილინდრულ-კონუსისებრი და დატოტვილი მტევნებიც. უფრო ხშირად მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად თხელი.
მარცვალი საშუალო სიდიდისაა ფორმით მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი ფერის. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული, ჰარმონიული გემოსი.
ალექსანდროული კვირტის გაშლას იწყებს აპრილის მეორე დეკადის დასაწყისში. მისი სრული სიმწიფე სექტემბრის მეორე ნახევარში დგება.
გვალვას შედარებით კარგად უძლებს, ზამთრის ყინვების მიმართ სხვა ჯიშებზე უფრო მგრძნობიარეა.


ალექსანდროული უძვირფასესი ვაზის ჯიშია. მისგან დამზადებული მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ფართოდ ცნობილიახვანჭკარასსახელწოდებით. ჯიში იძლევა აგრეთვე კარგი ღირსების სუფრის წითელი ღვინოს.

ციცქა

ციცქა ქართული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი მიეკუთვნება იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საგვიანო პერიოდის სიმწიფისაა. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში, უმთავრესად იმერეთში.
ფოთლები საშუალო ზომისაა, სამ ან ხუთნაკვთიანი. ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული ან წვრილბურთულებიანია, მუქი მწვანე ფერის.
ციცქას მტევანი საშუალო ზომისაა, მისი ძირითადი ფორმა კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრია, იშვიათად ცილინდრული ფორმისაც გვხვდება. ფერი მომწვანო-ყვითელია. კანი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული. გემო ჰარმონიული.
ზამთრის ყინვების მიმართ უფრო გაძლეა, ვიდრე ცოლიკაური. კვირტის გაშლას იწყებს აპრილის მეორე დეკადაში. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევარში.
ციცქა იძლევა საუკეთესო ღირსების ევროპული და იმერული ტიპის ღვინოებს და ხარისხოვან მასალას ცქრიალა ღვინისათვის. ციცქას სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, იგი ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით.

ცოლიკაური

ცოლიკაური ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, მეოთხე პერიოდის სიმწიფის. ძირითადად გვხვდება დასავლეთ საქართველოს რაიონებში, უმთავრესად იმერეთში.ცოლიკაურის ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, ფორმით მომრგვალო. ფერად მუქი მწვანე. ფოთლის ქვედა მხარე შებუსუსებულია საკმაოდ სქელი ქეჩისებრი ბეწვით.
მტევანი საშუალო ზომისაა განიერ კონუსისებრი ან კონუსისებრი ფორმის. ხშირად მხრიანი, იშვიათად უფორმო დატოტვილი. მტევანი საშუალო სიმკვრივის ან მეჩხერია, იშვითად მკვრივი მტევნებიც გვხვდება.
მარცვალი საშუალო სიმსხოსია, ფორმით მომრგვალო, იშვიათად შეზნექილი ან ოდნავ ოვალური. მარცავალი მომწვანო-ყვითელია მოყავისფრო ლაქებით მზისკენ მიმართულ მხარეზე. რბილობი მკვრივია, წვნიანი. წვენი ჰარმონიული გემოსია.
ცოლოკაური კვირტის გაშლას იწყებს აპრილის პირველი დეკადის დასასრულს. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევარში.
კარგი გამძლეობით ხასიათდება აბლაბუდის მკეთებელი ტკიპისა და გვალვის მიმართ, სამაგიეროდ მისი გამძლეობა ფილოქსერასა და ზამთრის ყინვების მიმართ საკმაოდ სუსტია.
.
ცილიკაური ძვირფასი ვაზის ჯიშია, მასში ზომიერადაა შეხამებული გარემო პირობებთან კარგი შეგუება, უხვი მოსავალი, პროდუქციის მაღალი ხარისხი და ავადმყოფობათა მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა.
ცოლიკაურიდან ძირითადად ევროპული და იმერული ტიპის ღვინოები მზადდება. ევროპულად დაყენებული ღვინო ღია ყვითელი ფერისაა, ხასიათდება სისრულით, ენერგიით, ჰარმონიულობითა და სასიამოვნო სიხალისით.

გორული მწვანე

გორული მწავნე მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია, საგვიანო სიმწიფის პერიოდის.
გორული მწვანე გავრცელებულია ძირითადად ქართლსა და სამაჩაბლოში, შემდეგ იმერეთში, სადც იგიქვიშხეთურასსახელწოდებითაა ცნობილი და რაჭაში.
მარცვალი მომწვანო ყვითელი ფერისაა, საშუალო ზომის, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ შეზნექილი. რბილობი მკვრივია და წვნიანი. წვენი უფერული, ტკბილი. მარცვლის კანი მკვრივია და უხეში.
გორული მწვანე კვირტის გაშლას იწყებს აპრილის მეორე დეკადაში, ხოლო სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე.
გორული მწვანესაგან მზადდება მაღალი ღირსების სასუფრე და შამპანური ღვინომასალა. მისი ღვინო ღია ჩალისფერია, ხასიათდება საშუალო სხეულით, ენერგიითა და სასიამოვნო გემოთი.წყარო


No comments:

Post a Comment